მონანიება (წინასწარმეტყველება და შეხსენება)
შეაფასეთ ფილმი

მონანიება (წინასწარმეტყველება და შეხსენება)

ფილმის სიუჟეტი

„ხელოვანი – წინასწარმეტყველი უნდა იყოს, იგი უნდა გრძნობდეს, როგორ განვითარდება ისტორია, რა მოხდება ამ სამყაროში,” - სერგეი ეიზენშტეინი

"მონანიება" - კინოსურათი, რომელიც ასახავს წინასწარმეტყველებას საბჭოთა კავშირის დანგრევის შესახებ. ეს არის ფილმი, რომელშიც არაფერია ზედმეტი და არაფერი აკლია, რათა მაყურებელმა ცხადად შეიგრძნოს იმ ბნელი, სისხლიანი, პირქუში და ბოროტი "ვარლამიზმის" არსების რაობა, რომელიც ფიზიკურად კლავდა და მენტალურად წამლავდა საზოგადოებას, აცხოვრებდა ვაკუუმში და ართმევდა კულტურას. ფილმი წინასწარმეტყველებასთან ერთად არის გაფრთხილება. როდესაც თენგიზ აბულაძეს ჰკითხეს, რატომ იყო საჭირო გაფრთხილება და ამ ყველაფრის შეხსენება? მან პასუხად ლევ ტოლსტოის წერილი მოიყვანა "ნიკოლოზ პალკინი" "როგორ თუ რატომ გავიხსენოთ? მე თუ რაიმე მძიმე და საშიში ავადმყოფობა მქონდა, განვიკურნე და ვიხსენ თავი ჩემი იმ სენისგან, ყოველთვის სიხარულით გავიხსენებ ჩემს გადარჩენას, ხოლო არ გავიხსენებ მაშინ, როცა ავად ვარ და მინდა თავი მოვიტყუო, ვითომ არ ვიყო ავად". ზუსტადაც რომ ეს იყო სენი, ჭირი, რომელის მოშორებაც სულს უნდა გვიმშვიდებდეს.  ფილმი არის მხილება იმ რეჟიმის, რომელმაც სული დაუმახინჯა თაობებს, უკარგავდა სულიერ ღირებულებებს და ცდილობდა წაერთმია ღვთის რწმენა. ასე ბატონობდა "ლეგიონი" ჩვენზე. ვალრამ არავიძის პერსონაჟი, არის იმ რეჟიმში არსებული მრავალი ბოროტების საერთო სახე, რომლთა ცოდვებიც ტომებად დაიწერება. პერსონაჟის ვიზუალურ აღწერას დიდი მნიშვნელობა აქვს, თენგიზ აბულაძემ მისი შინაგანი სამყარო ყველაფერთან ერთად გარეგნობაშიც გამოავლინა, ვარლამი მსუქანი და დაბალია, რაც მანკიერებაზე, სიხარბეზე და სულმდაბლობაზე მიუთითებს, ასევე ულვაში მის ზედა ტუჩზე, რომელიც მაშინვე ჰიტლერს მოგვაგონებს. ვარლამის პერსონაჟი, როგორც უკვე აღვნიშნე არის სამყაროში გამეფებული სხვადასხვა ბოროტების საერთო სახე და არა მხოლოდ კომუნიზმის და სტალინის. ფილმში ასახულია ოჯახის დაკარგვით გამწარებული ადამიანის შურისგების მცდელობა, და იმ ემოციების მკაფიო გადმოცემა, რასაც განიცდის ადამიანი, რომელმაც ეს წლები გამოიარა. ქეთი ბარათელის მონათხრობი იმის შესახებ თუ როგორ გაანადგურა მისი ოჯახი ვარლამ არავიძემ, დიდ ზეგავლენას ახდენს მის შვილიშვილზე, თორნიკე არავიძეზე, რომელშიც უკვე განსხვავებული მენტალობაა ჩასახული, მიუხედავად იმისა, რომ ის გაიზარდა ოჯახში, რომელიც თავად იყო რეჟიმი, მას შემდეგ რაც თორნიკე მოისმენს ქეთევანის ისტორიას, გადაწყვეტს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს საკუთარ ოთახში. აქ უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი, როდესაც თორნიკე თვითმკვლობას აპირებს, მისი ოჯახი სტუმრებს იღებს და წვეულებას მასპინძლობს, ოჯახის სიხარული კონკრეტულ სცენაში სიხარულის მაღალ ემოციურ რეგისტრს აღწევს, სწორედ მაშინ არის გასროლის ხმა, და ვხედავთ როგორ იწყება პანიკა, ვხედავთ ბედნიერებაში ჩასახულ მარადიულ ტრაგედიას, ეს იყო გამიჯვნა საკუთარ წარმომავლობასთან, წინაპრებთან, ეს იყო სასჯელი ყველა ჩადენილი სიბოროტისთვის რომელიც თორნიკემ საკუთარ ოჯახს დაუწესა, მემკვიდრეს სიკვდილი ოჯახისთვის. მითოლოგიაში ღმერთები მხვერპლად ყოველთვის შვილებს ითხოვდნენ, რადგან ამაზე მაღალი სასჯელი შეუძლებელია არსებობდეს სამყაროში. ჩვენ ვიცით რამხელა გავლენა აქვს მითოლოგიას და რა გავლენა იქონია ამყველაფერმა ევროპული აზროვნების ჩამოყალიბებაში. ფილმის ბოლო სცენა, როდესაც ქეთევანს მოხუცი ქალი ეკითხება:
- ეს გზა ღვთის მშობლის ტაძრამდე მიმიყვანს?
- არა, ეს ვარლამის ქუჩაა, ეს გზა ტაძრამდე ვერ მიგიყვანთ.
- რისი მაქნისია ქუჩა თუ ტაძრამდე ვერ მიმიყვანს?
ეს არის ის სცენა რომელმაც ყველაფერთან ერთდ უნდა დაგვაფიქროს "რანი ვართ, საიდან  მოვდივართ, და საით მივდივართ" არ არსებობს ადამიანი ვინც ამ ფილმს უყურებს და რამე არ შეიცვლება მასში.

  • ქვეყანა: საქართველო
  • FACEBOOK კომენტარები
    ბოლოს ნანახი